უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" იყო ჩართული - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, მარკიან ლუბკოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გეგმის შესასრულებლად "ვაგნერის" წევრები უკრაინაში გაგზავნეს, თუმცა უშედეგოდ. ლუბკოვსკიმ აღნიშნა, რომ ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის დაზვერვამ და სპეცრაზმმა, რომელიც პრეზიდენტის დაცვაზე არის პასუხისმგებელი.
"ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წარედგინება", - თქვა მარკიან ლუბკოვსკიმ და დასძინა, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს.
ცნობისთვის, "ვაგნერის“ დაჯგუფება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან არის დაკავშირებული.