უკრაინაში რუსულმა არმიამ მეხუთე გენერალი დაკარგა - ომის 24-ე დღე

19 მარტი 2022, 12:39 862 ნახვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ომის ოცდამეოთხე დღეს დიდ ქალაქებს კვლავ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ახლა ორივე მხარეს ოპერატიული პაუზა აქვს აღებული და შესაბამისად, დიდი გადაადგილებებიც არ შეიმჩნევა.

დიდი წინააღმდეგობის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ოკუპანტები სახმელეთო ბრძოლებს ერიდებიან და ისინი უპირატესობის მოპოვებას საჰაერო იერიშებით ცდილობენ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება რჩება მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში და ხერსონის ოლქში, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ეს რუსული ტაქტიკაა, რითიც ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს უკრაინელებისთვის ოკუპანტებთან თანამშრომლობის არგუმენტად იქცეს.

ცოტა ხნის წინ,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ  რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა ‘’აზოვსტალზე’’. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ახლა მარიუპოლში მძიმე  ბრძოლები ქარხნის ტერიტორიისთვის მიმდინარეობს.

გასული დღე-ღამე რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა უკრაინის გენერალურმა შტაბმა. უწყების ცნობით, მტერს წინსვლა არცერთი მიმართულებით არ აქვს და ისინი ლოჯისტიკურ პრობლემებს განიცდიან. მათი მონაცემებით,  ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა.  გენერალური შტაბი მიუთითებს, რომ მტერი ცდილობს, სახმელეთო ბრძოლებში მიღებული დანაკარგი ავიაიერიშებით აანაზღაუროს.

ამასთან, მძიმე დანაკარგებს განიცდის ოკუპანტთა არმია. გასულ 24 საათში, მათ  2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა დაკარგეს.  გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით,  მტრის მიმართულებით სროლების შედეგად, დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის  მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

მძიმე ვითარების ფონზე, დღეს რამდენიმე რეგიონში კვლავ ამოქმედდა ჰუმანიტარული დერეფნები, სადაც ცხელი წერტილებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში უნდა გადაიყვანონ..

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში