რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 13 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 85 ბავშვი, დაშავდა 100-ზე მეტი, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ცხოვრობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 369 სასწავლო დაწესებულება, აქედან 57 მთლიანად განადგურდა. ყოველდღიურად იბომბება 20-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება.
გარდა ამისა, დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის იმის გამო, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ზუსტი მონიტორინგის ჩატარება შეუძლებელი ხდება.