უკრაინას კიდევ ერთი მძიმე ღამის გადატანა მოუხდა. რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების სრულ ტერორზე გადავიდნენ. მათ ახლა უკვე იერიში ქალაქ ლვოვზეც მიიტანეს.
დღეს გამთენიისას ქალაქის შემოგარენში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
ლვოვი უკრაინის დასავლეთით, ქვეყნის საზღვართან მდებარეობს და ამ დრომდე უკრაინაში უსაფრთხო ქალაქად ითვლებოდა. თუმცა ვნახეთ, რომ ოკუპანტებმა იმ ქალაქზეც განახორციელეს იერიში, სადაც თავს 100 ათასზე მეტი დევნილი უკრაინელი აფარებს.
ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა ლვოვთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს "საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრზე" რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.
გარდა ლვოვისა რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კიევის მახლობლად მდებარე დასახლებებშიც.
ახლა რუსეთის მთავარ სამიზნედ კვლავ კიევის აღება რჩება. დამპყრობლებმა გამთენიისას იერიში მიიტანეს ქალაქ ჩერნიგოვზეც, დაიბომბა მრავალსართულიანი სახლი. გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა - 7. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო სამიზნეებად გამოყენებას.
მათი ცნობით, მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ უარესდება.