დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება - პროკურატურა ჰააგის გადაწყვეტილებაზე

11 მარტი 2022, 14:02 886 ნახვა

საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია.

მათივე განცხადებით, წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

"ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ წარდგენილი დაკავების შუამდგომლობა ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. პროკურორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში. თუმცა იგი ამჟამად გარდაცვლილია.

წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურორის სტანდარტების შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად და ხელმძღვანელობდა მხოლოდ მოპოვებული მტკიცებულებებითა და რომის სტატუსით განსაზღვრული ვალდებულებებით.

ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დიდ წარმატებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი