უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩერნობილს დენი არ მიეწოდება. დმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ელექტროსადგურს მოეპოვება დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და „რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდება“.
'' მოვუხმობ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ცეცხლი და ტექნიკოსების ჯგუფებს საშუალება მისცეს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.
48 საათის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება ტვიტერზე.
მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.