დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის საზოგადოებასთან ერთად, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დღეს ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, რომ ლარი უფასურდებოდეს. ძირითადად, ეს არის ემოციური ფაქტორების გამო.
"ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი გვქონდეს შენარჩუნებული. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, რომ ლარი უფასურდებოდეს. ძირითადად, არის ემოციური ფაქტორები. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის საზოგადოებასთან ერთად, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება, ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 50 თეთრით გაუფასურდა.
ეკონომისტები შექმნილ ვითარებას რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ და ამბობენ, არ არის გამორიცხული კურსი კიდევ მეტად გაუფასურდეს.
მათივე შეფასებით, მთავარი არის ფსიქოლოგიური ფაქტორი. ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, ცუდ მოლოდინებს იწვევს ის, რომ პრაქტიკულად საქართველოს სამი დიდი სავაჭრო პარტნიორი: რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი ომშია ჩართული. ასეთ დროს არის მოლოდინები, რომ ამ ქვეყნებიდან სავალუტო შემოდინებები შემცირდება. ასევე მოლოდიანია, რომ შექმნილი ვითარება იმოქმედებს ტურისტულ ნაკადებზე.
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს ჯერ რუბლის კურსი უჭირავს. მათვე ვარაუდით, რუბლის გამყარების ერთ-ერთი საშუალება მომავალში აღარ ექნება რუსეთის ხელისუფლებას, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდება და ეს გამოიწვევს ჩვენი ლარის გაუფასურებასაც.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სწორ პოლიტიკას ატარებს, რადგან რეზერვების ხარჯვით, ხელოვნურად, ვერ შეაჩერებს ლარის კურსს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2744 ლარი იყო.