საქართველოს საგარეო უწყება უკრაინიდან უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

02 მარტი 2022, 19:32 1176 ნახვა

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინიდან უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო უნგრეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან უნგრეთში გადასვლას ცდილობენ.

"უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +36 30 858 66 22, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. უკრაინიდან მიმავალ, უნგრეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება; არ არის სავალდებულო საზღვრის კვეთისთვის დაწესებული აპლიკაციის შევსება; სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინრეჟიმში, უნგრეთის პოლიციის ვებგვერდზე; უნგრეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები ხუთივე პუნქტი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში; პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს „დასაბრუნებელ მოწმობას“, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა ასევე უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

"საქართველოს საელჩო რუმინეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან რუმინეთში ცდილობენ გადასვლას. რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია +40743232292, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში; რუმინეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან მიმავალ, რუმინეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს, არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება; სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე; პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს „დასაბრუნებელ მოწმობას“, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელთათვის შექმნილია რუმინული პლატფორმა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთში უკრაინიდან საზღვრის კვეთა შესაძლებელია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან სლოვაკეთში ცდილობენ გადასვლას. სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. სლოვაკეთში უკრაინიდან საზღვრის კვეთა შესაძლებელია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. სასურველია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სლოვაკეთმა გაამარტივა უკრაინიდან საზღვრის კვეთის პროცედურები და დაზიანებული ან ვადაგასული პასპორტითაც უშვებს მოქალაქეებს. მეტიც, გამონაკლისის სახით საქართველოს მოქალაქეებს უკრაინიდან უშვებს სლოვაკეთში საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობით.

უკრაინიდან მომავალ, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება. სლოვაკეთის სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, გაზრდილი ნაკადის გამო, მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ხანი უწევთ საზღვრის უკრაინის მხარეს ლოდინი დაახლოებით 10-12 საათი. სლოვაკეთი მაქსიმალურად ცდილობს, შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოატაროს მოქალაქეები სლოვაკეთის საზღვარზე. სლოვაკეთმა აამუშავა სპეციალური ვებგვერდი, უკრაინულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე, სადაც მოცემულის ყველა საჭირო ინფორმაცია, რეგულაცია და უწყებების საკონტაქტო მონაცემები“, -  აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი