ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას გააკეთა.
''ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური'' - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ებრაელებს მოუწოდა, არ გაჩუმდნენ ბაბი იარის და უმანის დაბომბვის შესახებ.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა და რომ კრემლი ვერ შეძლებს უკრაინის ბომბებითა და საჰაერო თავდასხმებით აღებას.
„მათ არაფერი იციან კიევის, ჩვენი ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ აქვთ ბრძანება წაშალონ ჩვენი ისტორია, წაშალონ ჩვენი ქვეყანა, წაშალონ ყველა ჩვენთაგანი.
მე ახლა მსოფლიოს ყველა ებრაელს მივმართავ - ვერ ხედავ რა ხდება? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა არ გაჩუმდეს მილიონობით ებრაელი მთელ მსოფლიოში. ნაციზმი სიჩუმეში იბადება. ამიტომ, იყვირე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. იყვირეთ უკრაინელების მკვლელობაზე.
დღეს უკრაინელები უძლეველობის სიმბოლოები არიან. დიდება უკრაინას!" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.