ექსპერტთა შეფასებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

24 თებერვალი 2022, 11:34 842 ნახვა

ექსპერტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას უნდა დაეხმაროს, ეს იქნება ლტოლვილების მიღება თუ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.

იგი ამბობს, რომ პრემიერის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას უკავშირდებოდა - კომიკური იყო.

"დღეს განცხადებები უკვე საკმარისი აღარ არის, ეს გუშინაც კი დაგვიანებული იყო. მთელი მსოფლიო საქმეზეა გადასული, სრულიად კომიკურად გამოიყურება საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ თურმე  რა იარაღის მიწოდება და დახმარება, დიპლომატიით უნდა გადავწყვიტოთ საქმე. სასაცილოა ასეთი განცხადებები. თუ შეუძლია უკრაინას საქმით დაეხმაროს ამ კუთხით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, თუ არა ასეთი განცხადების კეთებას არაფერი თქვა ჯობია. ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება: ეს იქნება ლტოლვილების მიღება, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება... საქართველოს აქვს სამხედრო პოტენციალი, რომელიც უკრაინას გამოადგება'' - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთისთვის სანქციების გაზრდა და უკრაინის იარაღით მომარაგება.  გიორგი რუხაძის თქმით, დასავლეთი უნდა ჩაერთოს და გააჩეროს რუსეთი. ​

"დრამატული დროა, რუსეთი ინტენსიურად ბომბავს ქალაქებს. პუტინის გამოსვლიდან გამომდინარე ეს არ არის მხოლოდ ოპერაცია ლუგანსკსა და დონეცკში, ეს არის ოპერაცია, რომლის ამოცანაც არის ერთი მხრივ უკრაინის მთელი სამხედრო პოტენციალის  განადგურება და მეორეს მხრივ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. ეს არის უდიდესი ბოროტება რასაც პუტინი ჩადის უკრაინაში.  ის ფაქტი, რომ 21 საუკუნეში რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ეს არის სერიოზული განაცხადი, რომ პუტინი არ აღიარებს საერთაშორისო სამართალს. იმედია, რომ მთელი ევროპა დადგება უკრაინის მხარეს. რუსეთს ადვილი გამარჯვება ნამდვილად არ ექნება. აუცილებელია ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სანქციები, რომელიც დაწესდა გააათმაგდეს, იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს. მეორეს მხრივ დასავლეთმა მეტი შეიარაღება უნდა მიაწოდოს უკრაინას, იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა.  ის რაც ამ დილით მოხდა, ამით შოკირებულია მთელი მსოფლიო. ყველა ელოდა აგრესიულ საქციელს პუტინის მხრიდან, მაგრამ არა ასეთ თავხედურს. როდესაც მან ერთდროულად იერიში მიიტანა 10-ზე მეტ ქალაქზე. ეს კი უკვე ფართომასშტაბიანი ომია'' - ამბობს ექსპერტი.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინაში იმას განახორციელებს, რაც ჩაფიქრებული აქვს მაშინ დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებშიც შეეცდება გავლენის მოპოვებას და საქართველოს მიმართულებაც ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდება.

"ახლა როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რუსეთს ამის არც თავი აქვს და არც საშუალება, მაგრამ თუ მას გამოუვიდა ის, რაც ჩაფიქრებული აქვს უკრაინაში, მაშინ რა თქმა უნდა იგი შეეცდება, დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებზეც გავლენის მოპოვებას. ამ დროისთვის ეს საფრთხე არ დგას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ გამოუვა, მაგრამ თუ გამოუვიდა, მაშინ საქართველოს მიმართულებაც ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდება"- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით, კარგია რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია, უკრაინას პირდაპირ მხარი დაუჭირა და რუსეთი აგრესორად დაასახელა. 

"უფრო აქტიური უნდა იყოს ხელისუფლება, გაიტანოს საერთაშორისო არენაზე ის თემა, რომ რუსეთმა ეს აგრესიული ქმედებები დაიწყო საქართველოს ტერიტორიიდან. მცდელობა, რომ აღადგინოს იმპერია არის ორი ძირითადი ქვეყანა: უკრაინა და საქართველო რომელთა გარეშეც არ გამოვა ახალი იმპერიის შექმნა. სახელს არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა, არსი ერთი და იგივეა" - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. 

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ დასავლეთმა დაიგვიანა. 2008 წლის აგვიტოს ომისა და მოგვიანებით ყირიმის ანექსიის დროს, მათი რეაქცია ეფექტური რომ ყოფილიყო, რუსეთი უკან დაიხევდა. 

მისივე თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა.

''რომ არა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება, რომ არა ის სანქციები, რომელიც 2014 წლის შემდეგ მიიღო დასავლეთმა. ვგულისხმობ, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, უფრო ეფექტური ქმედებების შემთხვევაში რუსეთი უკან დაიხევდა და საქმე აქამდე არ მივიდოდა. რუსეთმა კარგად დაინახა, რომ გაუვიდა ეს ყველაფერი. მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენები. აქედან გამომდინარე დღეს  დასავლეთიც ვაბანკზე უნდა წავიდეს.

პუტინი ფიქრობს თუ მან მოახერხა უკრაინაზე კონტროლის დამყარება შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მან აღადგინა კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რუსეთი ფიქრობს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ატარებენ პრორუსულ პოლიტიკას, იგივე სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და ნაწილობრივ საქართველოც. ქვეყანა, რომელიც რუსეთს ეურჩება - ეს არის უკრაინა. 

რუსეთის მთავარი აქცენტები კეთდება უკრაინაზე. ვხედავთ, რომ რუსეთისთვის არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ვერ წაიწიენ წინ და ვერ შეძლეს ვერცერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის დაკავება. უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება'' - ამბობს ექსპერტი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში