ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები - ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2025, 16:40 107 ნახვა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები.

ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის დამკვიდრებაში.

„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40 %-ით მოიმატა, რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.

"ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა კიდევ მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის. სასიხარულოა, რომ ჩვენი ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავებისთვის. ამისთვის არის მოწოდებული მთელი ჩვენი გუნდი და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

„მოხარულები ვართ, რომ წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩვენს, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც. დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, კიდევ უფრო გავამყაროთ, გავაძლიეროთ ეს საფუძველი, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ჩამობრძანდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში