დარწმუნებული ვარ, საქართველო-სომხეთის ერთობლივი ინიციატივების შედეგად, 2025 წელი იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი - ნიკოლ ფაშინიანი

30 იანვარი 2025, 16:36 127 ნახვა

დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის.

„მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს ახალი მიღწევები აქვთ. დავხურეთ 2024 წელი, რომელიც წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევისა და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელბრუნვას და ჩვენ გვექნება საშუალება, იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის, სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დღევანდელი დისკუსია ახალ შესაძლებლობებს, ფორმატს ქმნის და აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„თბილისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სომხეთის ურთიერთობებში და წვლილი შეიტანა სტაბილურობის უზრუნველყოფაში მთელ რეგიონში. ეს დოკუმენტი არა მარტო ასახავს იურიდიულად იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას, არამედ ფართო პრაქტიკულ შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განსავითარებლად“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, კომისიის ფარგლებში ხდება ურთიერთსასარგებლო ინიციატივების დამუშავება.

„სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ ორიენტირებისკენ ვიაროთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება რეგიონულ და ფართორეგიონულ თანამშრომლობას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ურთიერთობების განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. მშვიდობა და სტაბილურობა მოცემულობად არ მიგვიღია. ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალურად ვუყურებთ და ჩემს კოლეგას ვესაუბრე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი, რომ სომხეთმა კონკრეტული რეკომენდაციები და გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველოდებით, რომ სტრატეგიული პასუხი მოვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად და ასევე ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით და საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება სწორად გაწერილი. საქართველოს მთავრობის მეთაურთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პროცესზე, რომელიც ეხება ჩვენი ორი ქვეყნის – სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციას. ჩვენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გაღრმავდეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში