უკრაინის თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი მოსკოვში გაემგზავრნენ. ამის შესახებ „აღმოსავლური უფლებადამცავი ჯგუფის“ დამფუძნებელი პაველ ლისიანსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
პასეჩნიკი და პუშილინი 20 თებერვალს დონის როსტოვის აეროპორტში შენიშნეს, წინასწარი ინფორმაციით, ისინი მოსკოვში გაფრინდნენ. რა მიზნით, ჯერ არ ვიცი - წერს იგი.
17 თებერვალს დონბასში საოკუპაციო ძალებმა შეიარაღებული თავდასხმები გაააქტიურეს. 18 თებერვალს უკრაინის მიერ შეტევითი ოპერაციის მომზადების საბაბით სეპარატისტულმა რეგიონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. ოფიციალური კიევის განცხადებით, ეს კრემლის პროვოკაციაა, რომელსაც უკრაინაში შესაძლო შეჭრის საბაბად იყენებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დონბასში არანაირ შეტევით ოპერაციას არ გეგმავენ.