საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი მარტიდან დასაქმების ახალი პროგრამა იწყება, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაანონსდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი პირიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია.
საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.
პრემიერის განცხადებით, სამინისტროები მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიების მობილიზებას.
"ჩვენ ამას არ შევეხებით, ამის ზემოდან პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან მიიღებს დამატებით 300 ლარს"- განაცხადა პრემიერმა.
''რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრე ინიციატივაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა, გავაგზავნეთ გუნდი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითების შესასწავლად. გვაქვს მზაობა იმისა, რომ დავიწყოთ ეს პროგრამა.
ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. კარგად ვიცით, რომ სიღარიბის დაძლევის გზა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.
უნდა დავეხმაროთ სოციალურ დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს - ყველას ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება'' - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დასაქმების ახალი პროგრამა სოციალურ პოლიტიკას გააუმჯობესებს. ლევან დავითაშვილის თქმით, მოხდება 50 000-მდე სამუშაო ადგილის მობილიზება. მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროში, კონკრეტულად კი სატყეო სექტორში სამუშაო ადგილების დეფიციტი იყო.
''ჩვენ გვინდა ამ პროექტით დამატებითი შესაძლებლობები გავუჩინოთ სოციალურად დაუცველებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, გვინდა ცხოვრების უკეთესი პირობები შევთავაზოთ დასაქმების გზით.
ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია გვჭირდება, როგორც შიდა, ისე გარე, რომ ეკონომიკა დავაჩქაროთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, შესაძლებელია ეფექტიანად გამოვიყენოთ.
ამ პროექტში დასაქმების სააგენტოს როლიც გაიზრდება. დაიმატებს კადრებს და ის იქნება კოორდინატორი, რომ მოხდეს სწორად გადანაწილება. ასევე პროექტის ნაწილია უნარების ზრდა და მინიმალური კვალიფიკაციის ამაღლება'' - განაცხადა დავითაშვილმა.