თენგიზ აფხაზავა: "ნაციონალური მოძრაობა" არათუ გაცდა იურიდიულ ჩარჩოს, არამედ გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად 

31 იანვარი 2022, 14:44 1130 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირი ძალადობით ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, თითქოს დესტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თითქოს არაფერი კეთდება, რაც არის აბსოლუტური სიცრუე - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

თენგიზ აფხაზავას თქმით,  "ნაციონალური მოძრაობა" არათუ გაცდა იურიდიულ ჩარჩოს, არამედ გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად.

„რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ქმედებას, მათ დაარღვიეს კანონი, იძალადეს მერიისა და საკრებულოს დაცვაზე, ძალადობრივი აქტი განახორციელეს, დააზიანეს კარი და ძალით შეიჭრნენ სათათბირო ოთახში, რისი უფლებამოსილებაც მათ არ ჰქონდათ, რადგან სათათბირო ოთახის გამოყენებას აქვს თავისი წესი. მინდა განვაცხადო, რომ 2019-2020 წლის აუდიტის დასკვნას არანაირი კავშირი დღეს მოქმედ მერთან არა აქვს. ამის საბაბად გამოყენებაც არის აბსოლუტური სიცრუე.

მოგეხსენებათ, რომ ძალადობრივი ქმედება დაცვის თანამშრომლებზე, მუნიციპალური ქონების დაზიანება, საკეტების დაზიანება, ძალით შეჭრა, წინააღმდეგობის გაწევა, არის დანაშაული, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცემა. გარდა ამისა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და კანონის ჩარჩოში, შესაბამისად, ყველა ასეთ ქმედებას ექნება ადექვატური პასუხი. ადექვატური პასუხი იყო პოლიციის გამოძახება და იმ სამართლებრივ ჩარჩოებში პროცესების მოქცევა, რასაც კანონი ითვალისწინებს,“ - აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში