მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს - შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში

21 იანვარი 2022, 11:44 903 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დღეს აღარ თოვს. შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში. დენის გარეშეა დარჩენილი ხულოში 100-მდე აბონენტი, შუახევში დღვანისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულები, ქედაში სოფლები კვაშტა და ჯაიმელა. ''ენერგო პრო-ჯორჯიაში'' განმარტავენ, რომ ტექნიკური ბრიგადები დაზიანებული ელექტროსადენების აღსადგენად მუშაობენ. 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაცით, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. უწყების ცნობით, ხულოში, შუახევსა და ქედაში იწმინდება თემებთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზები.

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს - მაღალი გამავლობის ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, იყრება ტექნიკური მარილიც.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება  სკოლებს, საგაკვეთილო პროცესი  ყველა სასწავლო დაწესებულებაში განახლდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი