ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც აშენდა 140კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, სერვისი უკვე მიეწოდება ადგილობრივ ოპერატორებს. მშენებლობა სრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობას, 13 დასახლებულ პუნქტს და 10,500 მოსახლეს.
„Log in Georgia“-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს, დაახლოებით, 500,000 ადამიანი.