44 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან. სამების საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე დანიელი სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. თავად პატრიარქი დღეს სამებაში არ იმყოფება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა.