ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს - პრემიერი 

15 დეკემბერი 2021, 13:53 868 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვდა.

ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერმა. 

''ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე.

საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის.

პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების შედეგად. ადგილზე ნატოს საქმიანობის მასშტაბიც იზრდება. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ნატოს წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თქვენ და მოკავშირეებს მადლობას გიხდით ძალისხმევისა და ერთგულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი