პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, №18 დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს.
უწყების ცნობით, საუბარი არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია.
''N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით.
საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (სამკურნალო) დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური „ქარხანაც“ ფუნქციონირებს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.