ჩემი, ჩემი ძმისა და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
"მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორის ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს და მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული. გაოგნებული ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და შემდეგ იმ საზარელი კადრებით, რომელიც წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს. მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როცა საზოგადოება ობიექტურად და დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება გასცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად.
სახეზეა საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა.
ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა, ან აწყობს. ამიტომ, ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში", - ნათქვამია ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვაში.