ყარაბახის ომი ჩვენი რეგიონისთვის რთული გამოწვევა იყო, მჯერა ის ახალ შესაძლებლობად გარდაიქმნება - პრემიერი

08 სექტემბერი 2021, 16:12 1066 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონის მთავარი მიზანი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობაა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

''ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვისმე გავეცანი ნიკოლ ფაშინიანის ახალ ხედვას გაეცნო, რომელიც სომხეთის განვითარებას უკავშირდება.

რა თქმა უნდა, ყარაბახის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობის მეთაურს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მედიაციის სრული მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

''საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ მოგვეცა შესაძლებლობა, კერძოდ, ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობთ, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით სამმა ქვეყანამ მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაეცემას.

ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ პრემიერს დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საფუძველთა საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები, ჩვენ ასევე განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი