არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას - დავით ზალკალიანი

01 სექტემბერი 2021, 15:03 970 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის დასაბუთება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა ძალიან მკაფიო იყო, რომელსაც ევროკავშირიც გაგებით ეკიდება. დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება. 

მინისტრის განმარტებით, არის განსხვავებული აღქმები მთავრობასა  და ევროკავშირს შორის და ეს პოზიციების შეუსაბამობას იწვევს. 

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ იყო ძალიან მკაფიო. ამას მეტყველებს ასევე ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, სადაც ფინანსურ და ეკონომიკურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის 150 მილიონიანი მიკროსაფინანსო ტრანში, სესხი, რომელსაც გარკვეული პირობითობა ჰქონდა თავიდანვე  ჩადებული და ძალიან კარგად უნდა დავინახოთ პერიოდი, რა პერიოდში იყო ეს სესხი აღებული. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საქართველოს სჭირდებოდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან და მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება. ამ შეთანხმებაში გარკვეული პირობითობა იყო ჩადებული, რაც დაკავშირებული იყო იგივე მართლმსაჯულების სისტემასთან და მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან.

დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია. არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია. ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა.

ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა იმ განცხადების, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი