როიტერსი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ აშშ-მ ქაბულზე სამხედრო დარტყმა განახორციელა. წყაროს ცნობით, სამიზნე „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ მებრძოლები იყვნენ. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტთან მორიგი აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვრცელდება ცნობა, რომ აეროპორტის მახლობლად საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა.
ბბს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კვამლი, რომელიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ უბანში გაჩნდა. პარალელურად მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია. ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით, 20 წლიანი მისია დაასრულა. ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამ. დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება. ასევე ცნობილია, რომ „თალიბანი“ ახალი მთავრობის გამოცხადებას მომდევნო კვირას გეგმავს.