ბათუმში კლინიკებთან, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ტარდება რიგებია. მოქალაქეებს კვლევის ჩასატარებლად რამდენიმე საათი უწევთ ლოდინი. ამბობენ, რომ ირღვევა რეგულაციები - არ არის დაცული სოციალური დისტანცია.
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში აცხადებენ, რომ მომართვიანობა გაიზარდა და დღეში 300-ზე მეტი მოქალაქის მიღება უწევთ. დალი დავითაძის თქმით, დაემატა ტესტირების კაბინეტები.
''აუცილებელია გაიტესტოს სიმპტომიანი პაციენტი, თუმცა ტესტირებისთვის მოგვმართავენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებიც. არ შეიძლება სიმპტომიან პაციენტებთან ერთად მათი რიგში დგომა. ამის შესახებ რეკომენდაციას ვიძლევით, თუმცა მოქალაქეების მაღალი ემოციური ფაქტორიდან გამომდინარე ამ მითითების შესრულება ვერ ხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება ცარიელია, შიდა სივრცეს ტესტირებისთვის ვერ ვიყენებთ, რადგან დახურულ სივრცეში რიგები დაუშვებელია. შესაბამისად ეს ხდება გარე სივრცეში ანუ ქუჩაში. არის კოორდინატორი, რომელიც ხშირად მოუწოდებს მოქალაქეებს წესების დაცვისკენ, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება გათვალისწინება.
შარშან სიტუაციის დარეგულირებაში საპატრულო ეკიპაჟი გვეხმარებოდა. წელსაც ვითხოვეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ მოსულან. ყოვლად დაუშვებელია ამდენი ადამიანი, მითუმეტეს სიმპტომიანთან ერთად კონტაქტში მყოფი პირები ერთად იდგნენ რიგში, ელოდებოდნენ ტესტირებას ყოველგვარი დისტანცირების გარეშე'' - აცხადებს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორი დალი დავითაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ბათუმში ტესტირების ჩატარება რამდენიმე ლოკაციაზე შეუძლიათ.
მათ შორის: შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ; მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2;
შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“; მის: ბარათაშვილის ქ.N30;
სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი“; მის: მელიქიშვილის ქ.N102
სს ,,ევექსის კლინიკები’’ - ბათუმის პოლიკლინიკა; მის: სელიმ ხიმშიაშვილის #20;
შპს „ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა“; მის: ტაბიძის ქ. N 7;
შპს "თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი"; მის: ტბეთის ქ.N4
ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.
სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი პუნქტების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
აჭარაში კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის დროს ყოველდღიურად ასობით შემთხვევა ფიქსირდება.