საქართველოში ორი წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე 3%-ზე ქვემოთ ნარჩუნდება - ეროვნული ბანკი

17 იანვარი 2025, 17:42 115 ნახვა

საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. დაბალი და სტაბილური ინფლაცია მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, აღნიშნული, კი თავის მხრივ მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.  ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნება, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა სწორმა / ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და დეკემბრის მდგომარეობით 2.2% შეადგინა. ინფლაციის დაბალ დონეს საქართველოში, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია განაპირობებს.

სებ-ის ბოლო პროგნოზით კი მოკლევადიან პერიოდში, ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის შეფასებით, შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გამოც, მას დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის ირგვლივ საბოლოოდ დასტაბილურება.

ცნობისთვის, მსოფლიოში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებულად შენარჩუნების ფონზე გლობალურმა ინფლაციამ ეტაპობრივად შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც წამყვან ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ უბიძგებს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპს ანელებს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში