ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან.
ადგილზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. რეგიონის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ირაკლი დგებუაძის მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელს. ასევე ამბობენ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს “ბათუმელებისა “ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც ჰქონდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნით, ირაკლი დგებუაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან იგი მათი შეფასებით არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოქალაქეებს დაცვის ნაცვლად მათ თავს ესხმის.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადეს. ანალოგიური მოთხოვნებით, ჟურნალისტებმა აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გამართეს.