დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა. სოფელ სამებასთან, ყველაზე ძლიერი 5.1-ი მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
დმანისის რაიონში ბოლო ორ კვირაში ეს მეცამეტე მიწისძვრა იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ გახშირებული მიწისძვრები საშიშროებას არ წარმოადგენს. პროფესორ თეა გოდოლაძის თქმით, ჯავახეთის ქედი ვულკანური წარმოშობისაა.
''მონიტორინგის პირობებში დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს აქტივობის კუთხით, მაგრამ როდესაც ვიცით როგორია რაჭის პრობლემები, კავკასიონის პრობლემები, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. უბრალოდ გამთენიისას მოხდა მიყოლებით, უფრო დიდი ბიძგები და საშუალო კლასის მაგნიტუდა - ეს არის 5.1. ასეთი სიმძლავრის მიწისძვრები ამ ტერიტორიზე ხდება, გასულ წლებშიც იყო. რომ გითხრათ, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ვნერვიულობთ არა. დაგროვილი ენერგიის გამოთავისუფლება პატარა და საშუალო ბიძგებით უკეთესია, იმიტომ რომ ერთი დიდი მიწისძვრა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის.
ჯავახეთი ცხელი, ვულკანური რეგიონია, სადაც გარდა ტექტონიკური ერთეულებისა, ანუ სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტ ვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს. მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. აქ ემატება პოსტვულკანური, მაგნური აქტივობა, რომელიც ასევე პულსაციას იწვევს. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები. ჯავახეთის ქედზე ქერქი, როცა დეფორმირდება მთელი სტრუქტურა მოდის მოძრაობაში.
საინტერესო პროცესებია და არა სანერვიულო. საშიშია ეს თბილისში რომ მოხდეს, მაგრამ დმანისში არ არის სანერვიულო ნამდვილად'' - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.