08.08.2008 – 13 წელი ომიდან

08 აგვისტო 2021, 15:25 926 ნახვა

2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს და დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ომის შემდეგ, საქართველოში 263 ათას 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.  რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

ომის შემდეგ რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული 2 რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები.საერთაშორისო  სამართლის უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.გარდა ამისა, რუსეთი დღემდე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ — კიბერშეტევით, პროპაგანდითა და სხვა ხერხებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში