საქართველო, საერთო ჯამში, აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად ზომებს მიმართა, თუმცა, აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად და პრევენცია და ბრძოლა ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. - ამის შესახებ საუბარია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის მეოთხე ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა, რომელიც მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებსაც: საქართველომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სრულად უნდა შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს.
უნდა დაასრულოს პროკურატურის რეფორმა. გაგრძელდეს ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ამგვარ დანაშაულთან ბრძოლა, კერძოდ, უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების წინააღმდეგ და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა.
რეკომენდაციებამდე, ევროკომისიის ანგარიშში მიმოხილულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესასრულებლად საქართველოს მიერ მიღებული კანონები და სხვა გადაწყვეტილებები და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს ეხება და რეფორმის მეოთხე ტალღის ზოგიერთ დეტალს აღწერს, ხაზგასმულია, რომ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.