საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე
"საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება.
მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას და მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.