კორონავირუსმა არ იცის პოზიცია და არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანა შეიძლება ძალიან მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს.
„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს. არ იცის არც პოზიცია და არც ოპოზიცია. ერთიანად აზიანებს ყველას. მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მეტი ყურადღებისა და სოლიდარობისკენ, რომ როგორმე მზადყოფნით შევაკაოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ.
დღეს საბჭოზე სერიოზული განხილვა იყო, სამი მიმართულებაა დღეს მთავარი, პირველი ეს არის ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება, დღევანდელი მონაცემები რაც გვაქვს ამაზე სამჯერ მეტი უნდა იყოს, მეორე - ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე და მესამე - შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რაც დღეს არსებობს. პირბადის ტარება არის განსაკუთრებულად აუცილებელი, დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.