ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

05 ივლისი 2021, 12:37 890 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, დაზიანებულია ტელეკომპანიების კუთვნილი ტექნიკაც. 

მედიის წარმომადგენლების განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს რუსთაველის გამზირი საპატრულო მანქანების დახმარებით დაატოვებიეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით:

„რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები; 

ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; სცემეს „ფორმულას”  გადამღები ჯგუფი - გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;

თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა". 

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას. 

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს. 

ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტი მედიის წარმომადგენლებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება. 

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო,

''რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ, განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი