ურეკში პოლიციის შენობაში შეჭრისა და პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 13 პირის გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. დღეს მათ ურეკის პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს, სადაც მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი.
აქციის მონაწილეების თქმით მათი გამოსვლები მშვიდობიანია, ხოლო მოთხოვნები ობიექტური. ამბობენ, რომ ახალგაზრდები უკანონოდ დააკავეს და ითხოვენ სამართლიან გამოძიებას და 353-ე პრიმას მუხლის მეორე ნაწილის გადაკვალიფიცირებას, რომლითაც მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათივე თქმით, ახალგაზრდების დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას.
უკვე მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და იმედი აქვთ რომ პირველი ინსტანციის, ოზურგეთის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ შეიცვლება.