ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი ბათუმის პირველ საგამოცდო ცენტრში. აქ პირველ სესიაზე რეგისტრირებული 198 აბიტურიენტიდან 192 გამოცხადდა.
"დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა. დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ. აბიტურიენტებს აქვთ ყველა შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთრი შესაძლებლობები.
სულ 198 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, გამოცხადდა 192. მეორე სესიაზე რეგისტრაცია დაიწყება 2 საათზე"-განაცხადა ქეთევან გვარჯალაძემ.
დაგვიანების ერთი ფაქტი დაფიქსირდა მე-14 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, რის გამოც აპლიკანტი გამოცდას ვერ დაესწრო.
დღესვე, 15:00 საათზე მეორე სესია დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.