ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ივლისის ბოლომდე ქვეყანაში მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა იქნება, პირველი ნაწილი კი საქართველოში რამდენიმე დღეში უნდა შემოვიდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, მობილიზებულია 284 ბრიგადა, მათი რიცხვი კი მასობრივი ვაქცინაციის დროს გაორმაგდება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლებთან, სადაც ამცრელი პუნქტები განთავსდება.
''ორ მილიონ ნახევარზე მეტი დოზა ვაქცინის შემოტანაზე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები გაფორმებული, რამდენიმე დღეში კი პირველ მოწოდებას ველოდებით. ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.
284 ბრიგადა არის დღეს მობილიზებული, ერთ ბრიგადას შეუძლია დღეში 60 ადამიანის აცრა, რაც ჯამურად საკმაოდ დიდი რაოდენობაა. დღიურად დაახლოებით 17 000.
იგეგმება ბრიგადების თითქმის გაორმაგება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან, სადაც ვაქცინაციაში ჩართული კლინიკები გამართავენ ცენტრებს, იმისთვის, რომ ჩვენ ყოველ თვეში სულ მცირე ერთი მილიონი მოქალაქის ვაქცინაცია მოვახერხოთ და დროულად მივიღოთ კარგი მოცვა მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.