ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა

09 ივნისი 2021, 14:22 252 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ტერმინალის და ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს არის 6-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი. მთავარი გამოწვევა არის პანდემიიდან დროულად გამოსვლა, ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი.

მინდა გითხრათ, რომ ავიამიმოსვლები განახლებულია. 50-ზე მეტი ავიაკომპანია დაბრუნდა უკვე საქართველოში, სიხშირეებიც გაზრდილია, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ძალიან მალე აღდგება ეს სექტორიც"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი 2017 წელს დაიწყო და სახელმწიფომ 110 მილიონი ლარის ინვესტიცია გაიღო.  ნათია თურნავას თქმით, მგზავრთა გამტარუნარიანობა გაიზარდა და განახლებული აეროპორტი 2 მილიონ ნახევარ ადამიანს მოემსახურება. 

მინისტრი ამბობს, რომ ავიაკომპანიების რაოდენობა, რაც პანდემიამდე იყო, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 

''ყველა პარამეტრით ეს არის საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად 2018-2019 წლებში მიჩნეული იყო, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი. ამან კი დღის წესრიგში დააყენა ამ პროექტის განახორციელება. პანდემიის მიუხედავად სამუშაოები ერთი დღითაც არ შეფერხებულა'' - განაცხადა მინისტრმა. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4 800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი – ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში