სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია და ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა.
"მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან"-აცხადებენ პროფკავშირებში.
გერმანიაში დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზე თავადაც საუბრობენ. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, სადაც ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას.
"აქ ჩამოსვლისას დაგვხვდა სულ სხვა რეალობა 9,5 ევროს ნაცვლად გვიხდიან 3 ევროს, არის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები, ანტისანიტარია. პასუხი უნდა მოეთხოვოს დასაქმების სააგენტოს და ყველა პასუხისმგებელ პირს კონტრაქტით გაწერილი პირობების დარღვევისთვის"-აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.
დასაქმებულები შესაბამის უწყებებს უყურადღებობაში ადანაშაუალებენ და მათ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან.
"ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.
რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო.
აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.
თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.
დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი.
რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.
რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან. ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება კი მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით"-აცხადებენ სააგენტოში.
ამ დროისთვის გერმანიაში 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა.