ცოტახნის წინ "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ბათუმის ბულვარის", ყოფილი დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
აჭარის მაუწყებელი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ირაკლი ჯინჭარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და ვერ დაგვიდასტურებს.
"ბათუმის სასამართლომ, მხოლოდ ის ნაწილი არ მიიღო წარმოებაში, რომელშიც ვითხოვდით, რომ სანამ ჩემს საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნებოდა, მანამდე ბულვარის დირექტორის პოზიციაზე ახალი კადრი არ აეყვანათ.
რაც შეეხება ჩემს სარჩელს გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა, განაცდურის ანაზღაურებას და ჩემს მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების გამო, ეს ნაწილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო", - აცხადებს ჯინჭარაძე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა ირაკლი ჯინჭარაძის ადვოკატს მირზა მამულაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში, "საიას" ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელზე შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა, რომლის გასაჩივრებასაც “საია” უახლოეს დღეებში აპირებს.