მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 159 მილიონს უახლოვდება. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ინდოეთი რჩება. ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 366 ათასს 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ათასს 754 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვებიან ყოფილი სამხედრო ექიმებიც. საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია, პროზექტურები და კრემატორიუმები კი გადატვირთულია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულზე გაცილებით მაღალია. „ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია“ ხელისუფლებას სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ინდოეთისგან განსხვავებით, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის პარალელურად შეზღუდვების შემსუბუქება იწყება - ინგლისში სოციალურ დისტანციაზე დაწესებული რეგულაციები უქმდება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის; გერმანიაში კი სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი აღარ გავრცელდება.