მთავარი მსოფლიოში

04 მაისი 2021, 20:01 1105 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შეხვდა.  შეხვედრა ლონდონში დიდი შვიდეულის მინისტერიალის პარალელურად გაიმართა. ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე არსებული საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების საკითხებზე.

1915 წლის მოვლენების დამახინჯება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას საფრთხეს უქმნის-განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა გააკეთა.  „თურქები და სომხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. 1915 წლის მოვლენების დამახინჯება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მცდელობებზე დარტყმაა.  ამ საკითხით ისტორიკოსები უნდა დაკავდნენ და  თურქეთი მზად არის, ისტორიკოსებისთვის თავისი არქივები გახსნას- განაცხადა მაქარმა . 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

აშშ-ის ნიუ-ჯერსის გუბერნატორი შტატის მცხოვრებლებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემთხვევაში, უფასო ლუდს ჰპირდება. ამის შესახებ ფილ მერფმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ აქციაში მონაწილეობა შტატის მხოლოდ 21 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ. ნიუ-ჯერსის ხელისუფლება ივნისის დასასრულამდე 5 მილიონამდე ადამიანის აცრას გეგმავს. ამ დროისთვის შტატში 3 მილიონზე მეტი მცხოვრებია აცრილი. აშშ-ში 245 მილიონმა მოქალაქემ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

თურქეთში 7 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის  მიზნით დამატებითი შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. იკრძალება ყველა პროდუქციის გაყიდვა, პირველადი აუცილებლობის ნივთების გარდა, მათ შორის ქსელურ სუპერმარკეტებში. დამატებითი ზომები შემოდის ალკოჰოლის აკრძალვასთან დაკავშირებით.  იკრძალება ელექტრონიკის, საკანცელარიო ნივთების, პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და სხვა კატეგორიის ნივთების გაყიდვა.  29 აპრილიდან 17 მაისამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს ეხება და უცხოელ ტურისტებზე არ ვრცელდება.

 მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს შორდება. განქორწინების შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება ბილ გეითსმა სოციალური ქსელით გაავრცელა. "ჩვენი ურთიერთობების შესახებ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩვენი ქორწინების დასრულება გადავწყვიტეთ", - ნათქვამია განცხადებაში. ბილ და მელინდა გეითსებს 3 შვილი ჰყავთ. მათ განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად იმუშავებენ საქველმოქმედო ფონდში, თუმცა ცხოვრების შემდეგ ეტაპს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააგრძელებენ. განქორწინების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში