„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, მექსიკასა და პოლონეთში „ფაიზერის“ ყალბი ვაქცინები გამოავლინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავ ბაზარზე „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის ფალსიფიცირებული ვარიანტი გამოავლინეს. მექსიკის პოლიციამ ჯერ კიდევ თებერვალში დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც იმ კლინიკაში მუშაობდნენ, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ყალბი ვაქცინის ამპულაში ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი აღმოჩნდა. ყალბი ვაქცინა 80 ადამიანს გაუკეთეს. პოლონეთში იანვარში აღმოჩენილ ფალსიფიცირებულ ვაქცინაში კი, სავარაუდოდ ნაოჭების საწინააღმდეგო ხსნარი იყო ჩასხმული. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ყალბი ვაქცინა არცერთ პაციენტს არ მიუღია.