170 დღე კარვებში, უკვე კი მეორე ღამე გაატარეს კარვების გარეშე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ხეობაში დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინდელის მსგავსად, ისინი დღესაც შეეცდებიან გადაადგილდნენ იმ ტერიტორიის მიმართულებით, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. გზა პოლიციას გადაკეტილი აქვს. სავალი ნაწილი სოფელ გუმათის მიმართულებით კი, თავად პროტესტის მონაწილეებს აქვთ ჩაკეტილი. ისინი აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ელოდებიან მოსახლეობის მისვლას სხვადასხვა ქალაქიდან და კვლავ შეეცდებიან საკუთარი პროტესტი გააგრძელონ. იქ, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანიამ ტრაქტორით გადახნა.