რიონის ხეობაში ახლა სიმშვიდეა, დღეს კი, სოფელ გუმათთან „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. შეკრებილები ითხოვდნენ სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას, მშვიდობიანი პროტესტის გასაგრძელებლად და სცადეს რკინის ჯებირის გარღვევა.
უკვე რამდენიმე თვეა „რიონის ხეობის მცველები“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ტერიტორიიდან კომპანია „ენკას“ გასვლას ითხოვენ, მათ კარვები ჯერ სოფელ ნამახვანში ჰქონდათ გაშლილი, სადაც ტერიტორია დღეს ტრაქტორით დაამუშავეს „ენკას“ წარმომადგენლებმა, 1 კვირაზე მეტია კი პროტესტი გრძელდება გუმათჰესის მიმდებარედ.
გუმათთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა პროტესტი ქუთაისში გააგრძელა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და უწყვეტი სიგნალებით მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.