აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გატაცების შემდეგ მუხთარლი ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, ის უკვე თბილისში იმყოფება, მანამდე კი სტამბულში იყო.
მუხთარლი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა.
მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.