სენატის შეფასებით საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში - კახა კუჭავა

24 მარტი 2021, 12:15 898 ნახვა

,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთი წევრის განცხადებით, სენატის შეფასებით საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში. კახა კუჭავას თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.

„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები:

2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა. ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს; ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა.

ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში.

სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ბუნებრივია, გამოხატული იყო წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან.

„ქართული ოცნება“ იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები“, - განაცხადა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი