გონიოს მოსახლეობა ისევ მიწის დაკანონების მოლოდინშია 

23 მარტი 2021, 15:06 927 ნახვა

გონიოში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ე.წ. ზედდების კომისიის წევრებიც. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სამინისტროსგან მზაობა არის, თუმცა პროცესი დროში ჭიანურდება. საუბარია ოჯახების კატეგორიაზე, რომლებმაც 2007 წელს ვერ მოახერხეს რეგისტრაცია.

ისინი აცხადებენ, რომ აჭარაში მიწის რეგისტრაციაზე სერიოზული პრობლემაა, ამიტომ დიდი სამუშაოა გასატარებელი.

''მიმართეს საჯარო რეესტრს, რეესტრიდან საბუთები გადაეცა მერიას, კომისიამ იმუშავა და გამოსცა ბრძანება, რომ ამ ხალხს უნდა გადაეცეს მიწა. აღნიშნული მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ზედდება უნდა მოიხსნას, რომ მოქალაქეებმა დაირეგისტრირონ. 

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგვპირდა მინისტრი. ჩანს, რომ ეს სისტემური პრობლემაა. უახლოეს დღეებში ან კვირაში მოხდება განხილვა. ნება არის და კომისია მუშობს. სახელმწიფო მიწის საკუთრებაში გადაცემა ასე მარტივი პროცესი არ არის. უნდა მოხდეს შესწავლა. ვინც ხელს აწერს ყველას ეშინია, ამიტომ დროში ჭიანურდება'' - აცხადებს გონიოს მკვიდრი. 

შეხვედრას უფლებადამცველი თამაზ  ბაკურიძეც ესწრებოდა. 

'' ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც მოსახლეობას აწუხებს.  საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე უარს არ ამბობენ, უბრალოდ კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, როდის მოიხსნება ზედდება. შეიძლება ეს იყოს ერთ თვეში, შეიძლება უფრო ადრე. მიდის საკითხის განხილვა და კომისიის პირველივე სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ მყოფ ოჯახებს უკავშირდება'' - აცხადებს თამაზ ბაკურიძე. 

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთიან წესსზე მუშაობენ, რომლის შემდეგაც ოჯახების პრობლემა გადაწყდება. 

''ახალი კანონმდებლობის თანახმად, ვისაც ჰქონდა საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის მიერ გაცემული ან ჰქონდა მიწის ნაკვეთის მფლობელობის  დამადასტურებელი ცნობა ზედდების კომისიამ თანხმობა გასცა. რამდენიმე თვის წინ შევიდა კიდევ ერთი ცვლილება და ახალი ეტაპი დაიწყო. გაფართოვდა იმ პირთა წრე ვისაც შუძლია მიწა მიიღოს, ანუ ვერ აკმაყოფილებდა აღიარების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნას, ამ მონაცემებით უფრო გამარტივებულია. გაიზარდა მომართვიანობა და ინდივიდუალურად, რომ არ მოხდეს განცხადებების განხილვა და დროში არ გაიწელოს, ერთიან წესზე ვმუშაობთ. ამ წესის მიხედვით მოხდება საკითხის გადაწყვეტა'' - განაცხადა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ. 

გონიოში მიწის დაკანონების პრობლემა 305 ოჯახს ჰქონდა. დაახლოებით 280-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა. ​დარჩენილია 30-მდე პირი, ვინც ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს,  ხოლო 100-მდე მოქალაქეა, რომლებმაც მიწის დაკანონება 2007 წელს ვერ მოახერხეს და ახალი რეფორმის ფარგლებში ითხოვენ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში