აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. მაღალმთიანი აჭარის იმუნიზაციის 4 ცენტრში კი კოვიდ აცრებს აღარ ჩაატარებენ. მიზეზად თანმდევი რისკების თავიდან არიდებასთან ერთად დაბალი მიმართვიანობაც სახელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში განვითარებულ მოვლენებმა გარკვეული გავლენა იქონია პროცესზე და შედარებით შემცირებულია ექიმების მხრიდან აცრის ჩატარების მოთხოვნაც. დღეს ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმში მიმდინარეობს, სადაც 15 მსურველია რეგისტრირებული.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში 3 ათას 980 დოზა ვაქცინა იყო გამოყოფილი სამედიცინო სექტორისთვის, პირველ 5 დღეში დაახლოებით 10 პროცენტი აიცრა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გართულებები არ ყოფილა. მათი თქმით, რამდენიმე ექიმს ჰქონდა აცრის შემდგომი რეაქცია მსუბუქი ფორმით.