სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა სანაცვლოდ საპარლამენტო ოპოზიციისგან მემორანდუმის გაფორმებას მოითხოვს. ეს დოკუმენტი ფაშინიანის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციას პრემიერობის საკუთარი კანდიდატის წამოყენებას უკრძალავს. ფაშინიანს სურს პარლამენტის დათხოვნის შემდეგ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს. ოპოზიციური ფრაქცია მზად არის ხელი მოაწეროს მემორანდუმს იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტისთვის წარდგენილ შუამდგომლობას უკან გამოიწვევს.
ყირიმი არ გახდებოდა რუსეთის ნაწილი, 2014 წელს უკრაინა ალიანსის წევრი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქალაქ ბრიუგეში ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩემი მოკლე პასუხია- ეს არ მოხდებოდა, რადგან ნატოს არსებობის მიზანი თითოეული მოკავშირის დაცვაა. თუ ერთ მოკავშირეს ესხმიან თავს, მაშინ მოქმედებს წესი -ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატოს ამოცანა კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნებაა.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 25 წლის შემდეგ გაამართლეს. ედუარდ ბალადიურს, რომელიც საფრანგეთის მთავრობას 1993-1995 წლებში ხელმძღვანელობდა, კორუფციაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ განაჩენი ყოფილ პრემიერთან მიმართებაში ფაქტების განხილვის შემდეგ გამოიტანა. ბალადიურთან ერთად მისი მთავრობის თავდაცვის მინისტრი ფრანსუა ლეოტარიც გაასამართლეს. მას სასამართლო 1995 წელს ექს-პრემიერის წარუმატებელი საარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიისთვის დაფინანსების საეჭვო წყაროს მოძიებას ედავებოდა. ლეოტარს ბალადიურისგან განსხვავებით საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენებაში მონაწილეობისთვის ორწლიანი პირობითი პატიმრობა და 100 ათასი ევრო ჯარიმა შეეფარდა.
კორონავირუსის ბრიტანული შტამი ევროპის 43 ქვეყანაშია გამოვლენილი, სამხრეთაფრიკული 26-ში, ბრაზილიური კი 15-ში. ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის ვაქცინაციის ხარჯზე აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეჩერება. ჰანს კლიუგე აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდ-19-ით დაავადების დონე ინფექციის გავრცელების ტემპების 6 კვირიანი ვარდნის შემდეგ ისევ გაიზარდა. გასულ კვირას ევროპაში კოვიდ-19-ის ახალმა შემთხვევებმა 9 პროცენტით მოიმატა და მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო. დღეს უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს და მკაცრი ლოკდაუნის გამოცხადება არ გამორიცხეს.
ახალი ზელანდიის ნაპირებთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადეს. ცუნამის შესახებ გაფრთხილების წყნარი ოკეანის ამერიკული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში სანაპიროებზე ცუნამის საშიში ტალღებია მოსალოდნელი. სანაპიროების მოსახლეობას ნაპირიდან შორს შემაღლებული ადგილებისკენ გახიზვნისკენ მოუწოდებენ. ახალი ზელანდიის ნაპირებთან ძლიერი მიწისძვრა დღეს ადგილობრივი დროით 13 საათსა და 27 წუთზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 238 კილომეტრის მოშორებით ოკეანეში დაფიქსირდა.