ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

26 თებერვალი 2021, 15:06 762 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

წერილში ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და მისი დაკავების სპეცოპერაციაზე საუბრობს. 

წერს, რომ თავისუფლება 40 000 ლარად არ იყიდება.

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.

ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა, ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ თბილისის ქუჩებში ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავის და არაფრის, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა, 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან, ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს – თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით. მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით. ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ, მხოლოდ ერთიანობით. მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე. ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად.

მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულის და ღირსების დაცვის გამო, თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 000 ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს, საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი. ეს არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის და მით უმეტეს არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის – თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.

ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, მე დღეს არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ, ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად. გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ნიკა მელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში